სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს, ვინჩენცო კოპოლას შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი მანანა ბაღაშვილი და მისი მოადგილე ირაკლი ანთაძე.  მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული ვითარება და იმსჯელეს უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწევევებზე.

ქართული მხარის მიერ საუბრისას აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განსაკუთრებული როლი და ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის აუცილებლობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე  „ცხელი ხაზის“ მნიშვნელობას.

ამ კონტექსტში, აქცენტი გაკეთდა არსებული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებისა და გაძლიერების კუთხით. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღინიშნა ცენტრალური ხელისუფლების მზადყოფნა, ნებისმიერ დროს დაუბრუნდეს ჩვეულ სამუშაო რეჟიმს, დიდი ხნის წინ შეთანხმებული ფუძემდებლური პრინციპების საფუძველზე.