სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ფაქტზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ფაქტზე სამშენებლო კომპანიის დირექტორი დააკავა

როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიება  თაღლითობისა და სამეწარმეო გულგრილობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თაღლითობის ფაქტზე,  შპს „ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანია“-ს დამფუძნებელი და დირექტორი – ნუგზარ ბ. დააკავეს,  ხოლო სამეწარმეო გულგრილობის ფაქტზე შპს „არგი ჯგუფი“-ს დამფუძნებელი და დირექტორი – გიორგი ხ. პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებამ დაადგინა,  რომ ქალაქ საგარეჯოში, კოსტავას ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოების თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში გამარჯვებულმა შპს „არგი-ჯგუფის“ დირექტორმა და 100%  წილის მფლობელმა გიორგი ხ-მ ქვეკონტრაქტორად დაიქირავა  შპს „ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანია“, რომლის დირექტორი ნუგზარ ბ. დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემების შეტანის გზით მოტყუებით დაეუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კუთვნილ 8 886,18 ლარს. თავის მხრივ შპს ,,არგი ჯგუფის“ დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი ხ-მ, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე პასუხისმგებელი იყო გაწეული სამუშაოს ხარისხსა და ვარგისიანობაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლია შესრულებული სამუშაოები და ნუგზარ ბ-ს დაუდასტურა წარმოდგენილი  დოკუმენტაცია (ფორმა №2), რის საფუძველზეც, შპს „არგი ჯგუფის“ მიერ სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა.

გამოძიება  თაღლითობისა და სამეწარმეო გულგრილობის ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 220-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

დატოვე კომენტარი