სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს ჟანგბადის 55 კონცენტრატორი გადაეცა
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს ჟანგბადის 55 კონცენტრატორი გადაეცა

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ პროექტის ფარგლებში სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს ჟანგბადის 55 კონცენტრატორი გადაეცა. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს. მინისტრის თქმით, სამედიცინო მოწყობილობა ვიშეგრადის ფონდისა და კორეის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადმოეცა. ეს სახელმწიფო კლინიკებს კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

„ვიშეგრადის ფონდი დონორი ორგანიზაციაა, რომელიც ოთხ ქვეყანას წარმოადგენს. ესენია – პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი. ფონდი ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებას“, – განაცხადა საქართველოში უნგრეთის ელჩმა, ვიქტორია ჰორვატიმ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტის მიზანი პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერაა. ამასთან ერთად, პროექტით გათვალისწინებულია „კოვიდ-19“-ის ყველა დონის სასტუმროების პერსონალის ცოდნის გაუმჯობესება. ეს მათ დაეხმარებათ საკარანტინო ზონებსა და კლინიკურ სასტუმროებში მყოფი პირებისთვის სამედიცინო მომსახურების დროულად და ხარისხიანად მიწოდებაში. პროექტი ასევე მოიცავს ტექნიკურ დახმარებას პირველადი ჯანდაცვის მუშაკებისთვის, რათა მათ უკეთ შეძლონ პანდემიასთან გამკლავება თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში. ამ მიმართულებით თანამშრომლობა მიმდინარეობს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრთან.