სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული მედიკამენტების ჩამონათვალი და ბენეფიციართა წრე შესაძლოა, ზაფხულიდან გაფართოვდეს
სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებული მედიკამენტების ჩამონათვალი და ბენეფიციართა წრე შესაძლოა, ზაფხულიდან გაფართოვდეს

ამბულატორული მედიკამენტების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა როგორც მედიკამენტების ჩამონათვალის, ისე მოსარგებლეთა კუთხით, სავარაუდოდ ზაფხულიდან გაფართოვდება, – ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მედიკამენტების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, წინასწარი შეფასებით, ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებებისთვის სამკურნალო 23 მედიკამენტი 50-მდე უნდა გაიზარდოს და სახელმწიფო პროგრამა, სოციალურად დაუცველების გარდა, სხვა კატეგორიებსაც შეეხოს.

“აქამდე ამბულატორული მედიკამენტების მხრივ სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეები იყვნენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც 100 000 ქულაზე ნაკლები ჰქონდა და მათზე ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებისთვის სამკურნალო 23 მედიკამენტი ვრცელდებოდა. ეს ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს. მასში ასაკით პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და დამატებითი კონტინგენტი უნდა შევიდეს. ასევე, 23 მედიკამენტი, წინასწარი შეფასებით, 40-50-ის ფარგლებში უნდა გაიზარდოს“, – განაცხადა სერგეენკომ.

დავით სერგეენკოს თქმით, მედიკამენტების გაფართოებული წრის წამლებს სოციალურად დაუცველები იგივე პირობებით შეიძენენ, პენსიონრები კი  – მინიმუმ საბაზრო ფასის ნახევრად.

„ჩვენი წინასწარი ანალიზით, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, 100 000 ქულამდე მქონეს უნდა შეეძლოს მაქსიმუმ ლარად შეიძინოს არა მხოლოდ 23, არამედ პრაქტიკულად ორჯერ მეტი მედიკამენტი. რაც შეეხება ასაკით პენსიონერებს, მათ ამ 40-45 ჩამონათვალის მინიმუმ დღევანდელი საბაზრო ფასის ნახევრად შეძენა უნდა შეძლონ“, – აღნიშნა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის რესურსი არსებობს.

“ნამდვილად მჯერა, რომ შედეგები გვექნება. შევთანხმდით, რომ დღეიდან ორი კვირის შემდეგ კონკრეტული მონახაზების გაცვლის შესაძლებლობა გვექნება და წინასწარი შეფასებით,  ვფიქრობ, რომ ზაფხულის დასაწყისში მნიშვნელოვანი გაფართოება შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა სერგეენკომ.