სახელმწიფო მინისტრის აპარატმა თელავში ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ საკონსულტაციო საბჭოს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი წარუდგინა
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა თელავში ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ საკონსულტაციო საბჭოს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი წარუდგინა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან არსებულ ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ საკონსულტაციო საბჭოს, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პროექტი წარედგინა.

სხდომა, რომელიც ქალაქ თელავში გაიმართა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა გახსნეს.

სხდომის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ლია გიგაურმა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელობასა და ხედვაზე ისაუბრა. მან „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020 წწ. სამოქმედო გეგმის განხორციელების შეფასების“ შედეგები წარადგინა და მონაწილეებს „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი დეტალურად გააცნო.

„სახელმწიფო მინისტრის აპარატი განაგრძობს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის წარდგენას რეგიონებში არასამთავრობო სექტორთან. დღეს ჩვენ ვესტუმრეთ კახეთს, სადაც სახელმწიფო რწმუნებულთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს წევრებს წარვუდგინეთ სტრატეგიის პროექტი განვიხილეთ ის მექანიზმები, რომლითაც მოხდება სტრატეგიის ფარგლებში დასახული მიზნებისა და ამოცანების რეალიზება და ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე, რომლებიც აუცილებელია სტრატეგიის ეფექტიანობის მისაღწევად. ძალიან მნიშვნელოვანი იყო როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობა, ასევე მუნიციპალიტეტების მერების და ეს შეჯერებული განხილვა, რამდენადაც მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა და იმ აქცენტებზე გარკვეული მოსაზრებების დაფიქსირება, რომელიც წარმოდგენილია სტრატეგიაში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა მონაწილეების მხრიდან, არსებითად მნიშვნელოვანია სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება, თუ გვსურს, რომ ჩვენი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი მოქალაქეები მართლაც სრულფასოვნად იყვნენ ჩართულები სხვადასხვა პოლიტიკურ, სამოქალაქო, კულტურულ, საგანმანათლებლო, ასევე ეკონომიკურ პროცესში,“ – განაცხადა ლია გიგაურმა.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია, რომელზეც მონაწილეებმა, სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით, თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს. „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030წწ. სახელმწიფო სტრატეგიის“ პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს გაერო-ს ასოციაციის (UNAG), „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ (PITA) მხარდაჭერით მომზადდა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი