სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყში მდებარე საელჩოდან და საკონსულოდან დიპლომატების ნაწილის გაყვანის განკარგულება გასცა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყში, ბაღდადში მდებარე საელჩოდან და ერბილში არსებული საკონსულოდან დიპლომატების ნაწილის გაყვანის განკარგულება გასცა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ბაღდადში აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ერაყს დატოვებს დიპლომატიური მისიის ის პერსონალი, რომელიც საგანგებო დავალებებს არ ასრულებს. საელჩო და საკონსულო ასევე შეაჩერებს სავიზო მომსახურებას და ერაყში მყოფი აშშ-ის მოქალაქეების მომსახურებას შეზღუდავს. დიპლომატიური მისია მოუწოდებს შესაბამის პერსონალს, რაც შეიძლება მალე დატოვონ ერაყი.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყიდან პერსონალის ნაწილის გაყვანის გადაწყვეტილება ირანთან უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების ფონზე მიიღო.
გასულ კვირას ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ ბირთვული შეთანხმების ვალდებულებების ნაწილს აღარ შეასრულებს. ამავე დროს, აშშ-მა სპარსეთის ყურეში ავიამზიდი და ბომბდამშენები (B-52) გაგზავნა. პენტაგონში აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი ირანის მხრიდან მომავალი საფრთხის გამო გადადგეს.