სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - აშშ არ ახალისებს უკრაინას, განახორციელოს თავდასხმები საზღვრებს გარეთ ამერიკული იარაღით
აშშ არ ახალისებს და მხარს არ უჭერს უკრაინას, განახორციელოს თავდასხმები საზღვრებს გარეთ ამერიკული იარაღით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. ბრიფინგზე ჟურნალისტმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების შესაძლებლობისა და „ეფ-16“-ების შესახებ დაუსვა კითხვა.
„ჩვენ მკაფიოდ განვუცხადეთ უკრაინელებს, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს და არ ვახალისებთ უკრაინის საზღვრებს გარეთ თავდასხმებს, თუმცა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ყველას შევახსენოთ, რომ სწორედ რუსეთმა დაიწყო ეს ომი, რუსეთი აგრძელებს თავდასხმას უკრაინის მოსახლეობაზე. რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ სურს თავისი სამხედრო ოპერაციების ჩატარება. თუმცა, ამ ომში აგრესორი რუსეთია“, – განაცხადა მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ისთვის პრიორიტეტული საკითხია უკრაინისთვის „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდება. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ვერ იტყვის, როდის მოხდება კიევისთვის „ეფ-16“-ების გადაცემა და რომელი ქვეყნები გადასცემენ მას ავიაგამანადგურებლებს.
„პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ დავიწყებთ უკრაინელი სამხედროების „ეფ-16“-ების მართვაში მომზადებას და ვიმუშავეთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან უკრაინისთვის „ეფ-16“-ების მიწოდებაზე. მე ვერ გამოვაცხადებ, როდის ან როგორ მოხდება ეს ან რომელი ქვეყნებიდან. თუმცა, ეს საკითხი არის ჩვენი პრიორიტეტი და ჩვენ მის განხორციელებას უახლოეს თვეებში დავიწყებთ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.