სახელმწიფო დეპარტამენტი - სანქციების შედეგად რუსეთის ბიუჯეტმა სამი მილიარდი დოლარი დაკარგა
სახელმწიფო დეპარტამენტი - სანქციების შედეგად რუსეთის ბიუჯეტმა სამი მილიარდი დოლარი დაკარგა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად რუსეთის ბიუჯეტმა სამი მილიარდი დოლარი დაკარგა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აუცილებელია ჩატარდეს მთელი სიტუაციის დეტალური ანალიზი, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ზოგიერთი სახეობის რუსული მასალებისა და სხვა რესურსების შესყიდვა შეწყვიტა. ვვარაუდობთ, რომ შევძელით, შეგვეჩერებინა სამი მილიარდი დოლარის ღირებულების შესყიდვები. ასეთი კონტარქტების შეწყვეტა რეალურად სასჯელს წარმოადგენს“, – განაცხადა ნაუერტმა.

მისი განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის ბიუჯეტში ნაკლები ფული შედის, რასაც ვაშინგტონში რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საქმეში წარმატებად მიაჩნიათ.

ამას გარდა, აშშ-ის საგარეო უწყების წარმომადგენელმა სირიის ხელისუფლებაზე რუსეთის გავლენაზე ისაუბრა.

სახელმწიფო დეპარტამენტი სირიაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას მოსკოვს აკისრებს.

„რუსეთს სირიელი ხალხის ტანჯვასა და მძიმე მდგომარეობაზე უპრეცედენტო პასუხისმგებლობა ეკისრება“, – აღნიშნა ჰიზერ ნაუერტმა.