სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის მთავრობის მიერ მიღებულმა კანონებმა მკაცრად შეზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და ხელი შეუშალა ხალხს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელებაში
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის მთავრობის მიერ მიღებულმა კანონებმა მკაცრად შეზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და ხელი შეუშალა ხალხს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელებაში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 17-19 სექტემბერს გამართული რუსეთის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ისეთ პირობებში, რომელიც ხელს არ უწყობს თავისუფალ და სამართლიან პროცესებს.

დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთის მთავრობის მიერ „ექსტრემისტული ორგანიზაციების“, „უცხოელი აგენტების“ და „არასასურველი ორგანიზაციების“ შესახებ მიღებულმა კანონებმა მკაცრად შეზღუდა პოლიტიკური პლურალიზმი და ხელი შეუშალა ხალხს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების განხორციელებაში.

განცხადების მიხედვით, რუსეთის მთავრობის შეზღუდვებმა ხელი შეუშალა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს არჩევნებზე დაკვირვებაში, რაც ზღუდავს გამჭვირვალობას.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობის ქმედებები ეწინააღმდეგება რუსეთის ვალდებულებებს, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტს. სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს და შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, პოლიტიკური ოპოზიციაზე და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა.

გარდა ამისა, დეპარტამენტის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აშშ არ აღიარებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.