სახელმწიფო დეპარტამენტი - მარკო რუბიომ და ჟან-ნოელ ბარომ შეხვედრისას ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომი განიხილეს
სახელმწიფო დეპარტამენტი - მარკო რუბიომ და ჟან-ნოელ ბარომ შეხვედრისას ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომი განიხილეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ შეხვედრისას ძირითადად რუსეთ-უკრაინის ომი განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ტემი ბრიუსი ავრცელებს.

როგორც ტემი ბრიუსი განმარტავს, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი „ფოკუსირებულია უკრაინაში უაზრო სისხლისღვრის შეწყვეტაზე“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე „დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება, მჭიდროდ ითანამშრომლოს საფრანგეთსა და სხვა ევროპელ პარტნიორებთან ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად“.

„სახელმწიფო მდივანმა რუბიომ დადებითად შეაფასა საფრანგეთის ლიდერობა ევროპისა და უკრაინის მხარდაჭერის მობილიზებაში საიმედო შეთანხმების მისაღწევად, მაგრამ მკაფიოდ აღნიშნა, რომ სიტყვები საკმარისი არ არის – ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა, გამოყოს რეალური რესურსები და გამოავლინოს პოლიტიკური ნება ამ ომის დასასრულებლად“, – აღნიშნეს სახელმწიფო დეპარტამენტში.