სახელმწიფო დეპარტამენტი – მარკო რუბიო დღეს ხაზს გაუსვამს პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, ერთობლივი მოქმედებების ხელშეწყობას იმ საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც საზღვრებს არ ცნობს
სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დღეს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებს „პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების“ საკითხებისადმი მიძღვნილ მინისტერიალზე უმასპინძლებს.
„ღონისძიება შეეხება ჩვენს საზოგადოებებში ამ განახლებულ საფრთხეს და ხელს შეუწყობს უფრო ძლიერ ერთობლივ მოქმედებას, რათა გაძლიერდეს წინა ხაზის თავდაცვითი მექანიზმები და აღმოიფხვრას ის ხარვეზები, რომლებსაც ტერორისტული აქტორები კვლავ იყენებენ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „ულტრამემარცხენე პოლიტიკური ტერორიზმი კვლავ აქტიურდება და გამოიხატება ძალადობრივ ტერორისტულ აქტებში დასავლეთ ნახევარსფეროში, ევროპაში, აზიასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში“.
„ეს არ არის იზოლირებული შემთხვევები. ისინი ასახავს იდეოლოგიურად მოტივირებულ, მიზანმიმართულ სტრატეგიას, რომელიც თავისუფალი საზოგადოებების დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად – ძალადობრივი თავდასხმები პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების წინააღმდეგ, მათ შორის ჩვეულებრივი მოქალაქეების, სახელმწიფო მოხელეების, პოლიციისა და სამართალდამცავი ორგანოების, ბიზნესისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში“, – წერია განცხადებაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს საფრთხე საერთაშორისო საზოგადოების კონტრტერორისტულ დღის წესრიგში სათანადოდ არ იყო გათვალისწინებული, სათანადოდ არ ფასდებოდა და არ ფინანსდებოდა, მიუხედავად იმ საფრთხისა, რასაც ის წარმოადგენს“.
„შეერთებული შტატები წამყვან როლს ასრულებს ულტრამემარცხენე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2025 წლის ნოემბრიდან შეერთებულმა შტატებმა ოთხი ძალადობრივი ულტრამემარცხენე ჯგუფი: „ანტიფა“, „არაფორმალური ანარქისტული ფედერაცია/საერთაშორისო რევოლუციური ფრონტი“ (FAI/FRI), „შეიარაღებული პროლეტარული მართლმსაჯულება“ და „რევოლუციური კლასობრივი თავდაცვა“ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად და სპეციალურად აღიარებულ გლობალურ ტერორისტებად გამოაცხადა. ასევე, ამავე ოთხი ორგანიზაციის ფინანსური მექანიზმების შესაფერხებლად ინფორმაციის მიწოდებისთვის 10 მილიონ დოლარამდე ჯილდო დააწესა.
ბოლო თვეების განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა ასევე პირდაპირი კონსულტაციები გამართა სამართალდამცავ ორგანოებთან, კონტრტერორისტულ სპეციალისტებსა და პროკურორებთან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. გარდა ამისა, 2026 წლის მაისში გაიმართა პირველი კონტრტერორისტული სამართალდამცავი ორგანოების სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც 14 ქვეყანა შეიკრიბა ორდღიან, პრაქტიკაზე ორიენტირებულ ფორუმზე, რათა მონაწილეებს ტრანსნაციონალურ ულტრამემარცხენე ტერორიზმთან ბრძოლის საუკეთესო პრაქტიკები გაეზიარებინათ.
დღეს დაგეგმილი მინისტერიალი ამ საფუძველზეა აგებული და აერთიანებს პარტნიორებს დასავლეთ ნახევარსფეროდან, ევროპიდან და აზიიდან, რათა გაფართოვდეს კოორდინაცია, გაუმჯობესდეს ინფორმაციის გაცვლა და გაძლიერდეს საერთაშორისო სამართალდამცავი მექანიზმები ამ საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად.
სახელმწიფო მდივანი რუბიო ხაზს გაუსვამს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, რათა უკეთ მოხდეს ძალადობრივი საქმიანობის გამოვლენა და ანალიზი, ტერორისტული დაფინანსების შეჩერება, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა და ერთობლივი მოქმედებებისთვის ხელშეწყობა იმ საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც საზღვრებს არ ცნობს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
„პოლიტიკური ტერორიზმის ხელახალი გააქტიურების შესახებ“ მინისტერიალი ვაშინგტონში დღეს გაიმართება. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიწვევით, მინისტერიალში მონაწილეობს ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.