სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს
ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, უკრაინაში დარჩენა სულ უფრო და უფრო საშიში ხდება.
„ჩვენ თვეების განმავლობაში ვაფრთხილებდით საკუთარ მოქალაქეებს, რომ არ ღირს იქ ყოფნა. თუ ვინმე დარჩა, ახლა საუკეთესო დროა, დაიწყოთ იმის დაგეგმვა, თუ როგორ დატოვებთ ქვეყანას“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში დიპლომატიური მისიის რაოდენობაში ცვლილებას არ გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული იერიშების გაძლიერების პოტენციური საფრთხის გამო, დიპლომატები უსაფრთხოების დამატებით ზომებს მიიღებენ, თუმცა ამ ეტაპზე კიევის დატოვება არ იგეგმება.