სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მხილებულია ერთი პირი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღგ-ის ყალბი დეკლარაციების დამზადება-გამოყენების გზით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2020-2023 წლებში ბრალდებულმა მის მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით შემოსავლების სამსახურში წარადგინა დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც შეტანილ იქნა ფიქტიური მონაცემები რეალიზებულ საქონელთან მიმართებაში, რა გზითაც მან კომპანიას შეუქმნა დღგ-ს ყალბი აქტივი.
დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში, 639 684 ლარს.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.