სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტში შესწორება შევიდა
სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტში შესწორება შევიდა

სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის კორექტირება მოხდა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დაზუსტდა, რომ რამდენიმე საკითხი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით უნდა განსაზღვრულიყო, თავად რეგლამენტით დარეგულირდება.

კერძოდ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, რომ რეგლამენტის პროექტში ეწერა, რომ სამუშაო ჯგუფის ფუნქცია არის სახალხო დამცველის კანდიდატად წარდგენილი პირების შეფასება, მაგრამ მკაფიოდ განისაზღვრება, რომ ხარისხობრივი მაჩვენებლების გამო ვინმეს დისკვალიფიკაციის შესაძლებლობა არ ექნება.

„იქნება მხოლოდ ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც წარმოდგენილი განაცხადი არ შეფასდება – ეს ის შემთხვევაა, როდესაც კანონთან წინააღმდეგობაა. კერძოდ კი, ზედიზედ ორჯერ ერთი და იმავე კანდიდატის წარდგენა არ შეიძლება. ამასთან, პირი რომ სახალხო დამცველად აირჩეს, მოქალაქე უნდა იყოს, ასევე მოქმედის წარდგენა არ შეიძლება. ეს სამი გამონაკლისია, როდესაც კანდიდატები არ შეფასდებიან. განისაზღვრა მეორე საკითხიც, რომ უფლებამოსილმა სუბიექტებმა ნომინირებისათვის კანდიდატურებები მხოლოდ სამოქალაქო სექტორის მიერ შეფასებული კანდიდატებიდან უნდა აარჩიონ. ასევე განისაზღვრება, რომ სამუშაო ჯგუფი ცხრა ადამიანისგან შედგება“, – განაცხადა სარჯველაძემ.

კანონპროექტზე მსჯელობა დღეს მეორე მოსმენით გაგრძელდება.