სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ცვლილებებს ოპოზიციის ნაწილმა დაუჭირა მხარი
სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ცვლილებებს ოპოზიციის ნაწილმა დაუჭირა მხარი

სახალხო დამცველის არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ცვლილებებს ოპოზიციის ნაწილმა დაუჭირა მხარი. ცვლილებები პირველი მოსმენით დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 88-ხმით, ერთხმად დაამტკიცეს. ოპოზიციიდან, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა ექვსმა დეპუტატმა, „ევროპელი სოციალისტებიდან“ ორმა, „ლელოდან“ ორმა და ექვსმა უფრაქციო დეპუტატმა. ოპოზიციური პარტიებიდან ეს დეპუტატები იყვნენ – ლევან ბეჟაშვილი, რომან გოცირიძე, გრიგოლ ვაშაძე, ავთანდილ ენუქიძე, ფრიდონ ინჯია, დავით კირკიტაძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი, დავით უსუფაშვილი, სულხან სიბაშვილი, დავით ხაჯიშვილი, თემურ ჯანაშია. ცვლილებების მიხედვით, სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევა ახალი პროცედურით მოხდება.

კერძოდ, პროექტით, 2022 წელს პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურები პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინება და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნა განისაზღვრება, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო საზოგადოების – მათ შორის აკადემიური და პროფესიული წრეების ჩართულობა. იგეგმება შეფასების სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა განსაზღვრა ცხრა წევრით. პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენამდე კანდიდატურები სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდებიან, როგორიცაა – კეთილსინდისიერება, მაღალი რეპუტაცია, მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა, სათანადო პროფესიული ცოდნა (კვალიფიკაცია, აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო მიღწევები და სხვა), პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში.

სამუშაო ჯგუფის მიერ კანდიდატთა შეფასების შემდეგ, პარლამენტის რეგლამენტით სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტებს – ფრაქციებს და პოლიტიკურ ჯგუფებს შესაძლებლობა ექნება პარლამენტს კანდიდატები იმ პირთაგან წარუდგინონ, ვინც პარლამენტს შეფასების პროცესში მონაწილეობის მისაღებად მიმართავს. განისაზღვრება, რომ წარდგენილი კანდიდატების საერთო რაოდენობა 7-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.