სახალხო დამცველი პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის, მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.

„მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს. პოლიციის მხრიდან იძულების ღონისძიებების, მათ შორის, აქტიური სპეციალური საშუალებების (სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, აკუსტიკური საშუალება, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და სხვ.) პროპორციული გამოყენება დასაშვებია კანონიერი მიზნის მისაღწევად, ინტენსივობით გამოსადეგი საშუალების აუცილებლობის ფარგლებში.

ამასთან, სავალდებულოა აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება და კანონიერი მოთხოვნების შესასრულებლად მათთვის გონივრული ვადის მიცემა. იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა უნდა განისაზღვროს კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავები შეეცადონ, მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს. გასათვალისწინებელია, რომ აკრძალულია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომლებიც იწვევს მძიმე დასახიჩრებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ იქნას გამოყენებული სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, ხოლო შეკრების მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.