სახალხო დამცველი – მოვუწოდებთ პარლამენტს, არ მოხდეს „ლატარიებისა და აზარტული თამაშების მოწყობის შესახებ“ კანონპროექტის შემდგომი მიღება ადამიანის უფლებებზე გავლენის რისკების შეფასების გარეშე
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს კანონპროექტებს „ლატარიებისა და აზარტული თამაშების მოწყობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე სხვა კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც პარლამენტის მიერ დღეს პირველი მოსმენით იქნა მიღებული და რომლის თანახმადაც, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ, – ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველი მოუწოდებს პარლამენტს, არ მოხდეს აღნიშნული კანონპროექტების შემდგომი მიღება. განსაკუთრებით დამაზიანებელია ამ საზოგადოებისთვის სენსიტიური საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, შესაბამისი ექსპერტების და ადამიანის უფლებებზე გავლენის რისკების სრულყოფილად შეფასების გარეშე.
„აზარტული თამაშები სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აზარტულ თამაშებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემად განიხილავს და ხაზს უსვამს ისეთ შესაძლო შედეგებს, როგორებიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება, არასრულწლოვანებზე გავლენა, ფინანსური სირთულეები, ოჯახური კონფლიქტები და თვითმკვლელობის გაზრდილი რისკი. ის რეკომენდაციას უწევს აზარტული თამაშების რეკლამირების, ხელმისაწვდომობისა და სათამაშო ბიზნესის კონტროლის ეფექტიანი ზომების აუცილებლობას.
ინიციირებული კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი მიღების მიზანს წარმოადგენს ტურიზმის განვითარება, ტურნირების უცხოელი მონაწილეების მოზიდვა და ეკონომიკური აქტივობის ზრდა, თუმცა დოკუმენტი არ შეიცავს: საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ცალკე შეფასებას; ბარათში არ არის გაანალიზებული შესაძლო სოციალური ზიანი და მისი პრევენციის ხარჯები; კანონპროექტის მომზადებაში შესაბამისი ექსპერტებისა და ორგანიზაციების მონაწილეობა არ ყოფილა უზრუნველყოფილი; არ არის მიმოხილული სხვა ქვეყნების გამოცდილება; განმარტებითი ბარათის თანახმად, ის გავლენას არ მოახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, თუმცა არ ჩანს, რას ეფუძნება აღნიშნული შეფასება.
სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის კანონპროექტების განხილვისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საკითხის ყოველმხრივ და სრულყოფილ შესწავლას, მათ შორის, შესაბამისი სფეროს ექსპერტების ფართო და სათანადო ჩართულობას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შემოთავაზებული ცვლილებების შეფასება არ შემოიფარგლოს მხოლოდ მატერიალური სარგებლის განსაზღვრით და სათანადოდ იქნეს გათვალისწინებული ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობაზე მათი შესაძლო გავლენა და დაკავშირებული რისკები“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
პარლამენტმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით რვის წინააღმდეგ მიიღო.