სახალხო დამცველი მასთან არსებულ მედიკოსთა ჯგუფთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის ჰოსპიტალში იმყოფება
სახალხო დამცველი მასთან არსებულ მედიკოსთა ჯგუფთან ერთად მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის ჰოსპიტალში იმყოფება

სახალხო დამცველთან არსებულ ექიმთა ჯგუფის მორიგი ვიზიტია დღეს მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც ჩაატარებს პაციენტის სამედიცინო შემოწმებას. ასევე, ექიმები გაეცნობიან სამედიცინო ჩანაწერებს და შემდგომ ტრადიციულად ალბათ იქნება მათი დასკვნა და რეკომენდაციები ჩატარებულ თუ ჩასატარებელ მკურნალობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გორის ჰოსპიტალში შესვლამდე განაცხადა.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის ოფისი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მის მიერვე შექმნილი კონსილიუმის დასკვნებს ეყრდნობა.

„სახალხო დამცველი ეყრდნობა თავის, ანუ ჩემს მიერ შექმნილ ექიმთა კონსილიუმის დასკვნებს, ამიტომ სამედიცინო შეფასებების, რეკომენდაციების გაცემის დროს ჩვენ დავეყრდნობით ამ ჯგუფის გადაწყვეტილებებს და დასკვნებს. რა თქმა უნდა გავეცნობით ალტერნატიულ დასკვნებსაც, თუმცა ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი შეფასებების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

ამასთან, სახალხო დამცველის განცხადებით, დღეს ნევროლოგთან ერთად მიხეილ სააკაშვილთან შევა ფსიქიატრიც.

„ბოლო ვიზიტის შემდგომ ჩვენ გავაკეთეთ რეკომენდაციები და ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ პაციენტის მართვასა და მკურნალობაში სასურველი იყო, მონაწილეობა მიეღო ფსიქიატრს და ფსიქოლოგს, რადგან გარკვეულ სტრესზე იყო საუბარი. ასევე, გაჟღერდა ალტერნატიული ექსპერტების, ადვოკატების მხრიდან და პირადი ექიმის მხრიდან, რომ გარკვეული პრობლემებია ამ მიმართულებით, ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დასამატებელია ამ მიმართულებით შესაბამისი ექსპერტიზა. დღეს ნევროლოგთან ერთად იმუშავებს ექიმი ფსიქიატრიც, რომ შევაფასოთ ის წუხილები, რაც გამოითქვა მათ შორის დოზირებასთან დაკავშირებით. მათ შორის, შესრულდა თუ არა ის რეკომენდაციები, რაც ჩვენც გავეცით ჩასატარებელ ფსიქოსოციალურ თერაპიასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ დღეს უფრო სრულყოფილად შევაფასებთ სურათს“, – განაცხადა ლომაჯრიამ.