სახალხო დამცველი - გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები იმყოფებიან ძლიერ სტრესში, არ არიან დაცული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან
სახალხო დამცველი - გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები იმყოფებიან ძლიერ სტრესში, არ არიან დაცული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ბენეფიციარების ამსახველ ვიდეოჩანაწერებს.

სახალხო დამცველის განცხადებით, გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ დაწესებულების ხელმძღვანელი არათუ უგულებელყოფს ბავშვების საუკეთესო ინტერესს, არამედ თავად არღვევს მას..

ომბუდსმენი სახელმწიფო უწყებებს პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების უფლებადარღვევის ფაქტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„გავრცელებული ჩანაწერით, პანსიონის ხელმძღვანელი საჯაროდ, ბავშვების თანდასწრებით, უკავშირდება გარკვეულ პირებს, ასევე, ეკითხება ბავშვებს აქვთ თუ არა სურვილი, დატოვონ დაწესებულება. თვალსაჩინოა, რომ ბავშვები იმყოფებიან ძლიერ სტრესში, ტირიან და არ არიან დაცული ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფებიან და მხოლოდ შესაბამისი უწყების ჩართულობით მიიღება ბავშვების ზრუნვაში განთავსების გადაწყვეტილება, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. დაწესებულების ხელმძღვანელი, როგორც არაუფლებამოსილი პირი, აფერხებს ამ პროცესს და არათუ უგულებელყოფს ბავშვების საუკეთესო ინტერესს, არამედ თავად არღვევს მას.

დაუშვებელია, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვები განიცდიდნენ მსგავს დამოკიდებულებას და სტრესს. სახელმწიფოს უმოქმედობის და ბავშვების საჭიროებების უგულებელყოფის ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ დღეს, დაწესებულების ხელმძღვანელი საჯაროდ განიხილავს ბავშვებთან დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს და სახელმწიფო მის მიერ ლიცენზირებულ დაწესებულებაში ვერ ახორციელებს ფაქტობრივ ზედამხედველობას.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დაწესებულებაში მყოფი არასრულწლოვნების დაცვა ზეწოლისა და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, აღკვეთოს მათი საუკეთესო ინტერესების შელახვის ფაქტი;

დაიწყოს გამოძიება სავარაუდო ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე და გატარდეს ყველა ქმედითი ღონისძიება არასრულწლოვნების საუკეთესო ინტერესების დასაცავად;

უზრუნველყოს არასრულწლოვნების სხვა ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსების პროცესის გაგრძელება და დაუყოვნებლივ დაასრულოს ყველა არასრულწლოვანთან მიმართებით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.