საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული კონკრეტული სახის სახსრები გრანტად აღარ მიიჩნევა
საკანონმდებლო ცვლილებებით, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული კონკრეტული სახის სახსრები გრანტად აღარ მიიჩნევა

საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული კონკრეტული სახის სახსრები გრანტად აღარ მიიჩნევა. შესაბამისი ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში შედის, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.

ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გრანტად არ მიიჩნევა დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული ის  სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.

„საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა, ისევე როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება, თავისი არსით, ემსახურება შესაბამისი სუბიექტის ინტერესების დაცვასა და გატარებას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში. მათ საქმიანობაში წარმგზავნი სუბიექტის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესები, მიდგომები ან ურთიერთობები ხშირ შემთხვევაში მთავარ ადგილს იკავებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, დაზუსტდეს გრანტის გამცემი სუბიექტი და გრანტად არ იყოს ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს და უკავშირდება უშუალოდ დიპლომატიური წარმომადგენლობის საკუთარ საქმიანობას. კანონის მოქმედი რედაქცია აღნიშნულ ურთიერთობაზე არც ვრცელდება, მაგრამ იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს კანონის ერთგვაროვანი წაკითხვა, მიზანშეწონილია, შესაბამისი დაზუსტება“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.