საკანონმდებლო ცვლილებებით, რაიონული სასამართლოს მოსამართლის დაწინაურების პროცედურის გამარტივება იგეგმება
რაიონული სასამართლოს მოსამართლის დაწინაურების პროცედურის გამარტივება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მოსამართლის სააპელაციო სასამართლოში დასაწინაურებლად ამჟამად მოქმედი ხუთწლიანი ვადა სამ წლამდე მცირდება.
„საქართველოში მოსამართლის განწესება საკმაოდ რთული პროცედურების შედეგად ხდება. თუ ამგვარი რთული პროცედურების შედეგად შერჩეულმა კეთილსინდისიერმა და კომპეტენტურმა მოსამართლემ, საქმეთა სიმრავლის და სტრესული გარემოების მიუხედავად, სათანადოდ გაართვა თავი სამი წლის მანძილზე რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შესრულებას, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, საქმიანობა სააპელაციო სასამართლოში გააგრძელოს. დაწინაურებისათვის დამატებით რაიმე კრიტერიუმების დაწესება აუცილებელი არ არის, რადგან მოქმედი კანონმდებლობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ისედაც ევალება, მისი გადაწყვეტილებები ყველა (მათ შორის – საკადრო) საკითხებზე იყოს დასაბუთებული“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უფრო დაცული ხდება მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შრომისუუნარობის გამო თანამდებობიდან გათავისუფლების თვალსაზრისით, რადგან ამჟამად მოქმედი შრომისუუნარობის ოთხთვიანი ვადა (რაც საკმარისია უფლებამოსილების შესაწყვეტად) ექვს თვემდე იზრდება.