საკალათბურთო სუპერლიგაში ტყიბულის „ორბმა“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო გადამწყვეტი სამქულიანით [ვიდეო] #1TVSPORT
სუპერლიგის მეექვსე ტური ქუთაისში დრამატული მატჩით დაიწყო — ტყიბულის „ორბმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა ბოლო წამებზე მოიგო და გულშემატკივრებს დაუჯერებელი ემოციები აჩუქა. თუკი წინა ტურში, ტყიბულში, „ბლექ ფორტრესთან“ მატჩში „ორბს“ გამარჯვება ჰენრი ვეტერის სამქულიანმა მოუტანა, ამჯერად გადამწყვეტი სიტყვა კაპიტანმა, ბექა ლომაშვილმა თქვა.
მატჩი თანაბარ და პრინციპულ ბრძოლაში მიმდინარეობდა. იმერულ დერბიში გუნდები მოედანზე ძალზე მობილიზებულნი გამოვიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ტყიბულის „ორბი“ სერიოზული საკადრო პრობლემების წინაშე იდგა — ტრავმების გამო გუნდი მატჩს მხოლოდ 8 მოთამაშით ატარებდა.
ქუთაისელები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ ბოლო წუთზე დაშვებულმა უპატიებელმა შეცდომებმა იმერულ დერბიში მოგება ტყიბულს გაატანა. მატჩის დასრულებამდე 40 წამით ადრე ლევან გოგიჩაიშვილმა გარღვევა ორქულიანით დაასრულა და მასპინძელი ქუთაისი 80:76 დაწინაურდა. „ორბმა“ წუთშესვენება აიღო და შეტევაში ჩარლი ბელმა ორქულიანი ჩააგდო, თან მეტოქე აიძულა, დაჯარიმებულიყო. ბელმა საჯარიმო ვერ გამოიყენა, რომელიც ქუთაისელებმა მოხსნეს და შეტევაზე გადავიდნენ. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომლის გაცუდებაც არაფრით არ შეიძლება: ქუთაისის უკანახაზელმა ოთარ ფხაკაძემ ბურთი მიზანს ააცილა.
მატჩის დასრულებამდე ზუსტად ერთ წამზე ნაკლებ დროში ბექა ლომაშვილმა ზუსტი სამქულიანი სროლით „ორბს“ მძიმე, მაგრამ ტკბილი გამარჯვება გაუფორმა — 81:80.
„ორბის“ რიგებში ყველაზე მეტი, 17 ქულა ჯიმი ბელმა ჩააგდო, ჰენრი ვეტერმა გუნდს 15 ქულა შემატა, ხოლო ლუკა ხარაბაძემ 12 ქულა მიითვალა. რაც შეეხება ქუთაისელებს, აქ ყველაზე შედეგიანი ანტონიო პატერსონი იყო 14 ქულით, მაიკლ ფრეიზერმა 13 ქულა დააგროვა, ხოლო ანზორ ნადირაძემ და ვილი ისიანმა 12-12 ქულა ჩააგდეს.
სუპერლიგის მეექვსე ტური ხვალ გრძელდება — შაბათს ბათუმსა და თბილისში თითო მატჩი გაიმართება. „ბათუმი“ საკუთარ არენაზე თსუ-ს უმასპინძლებს, ხოლო თბილისში, დიღმის არენაზე, „ბლექ ფორტრესი“ „რუსთავს“ შეხვდება.