საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ქუთაისის“ მეტოქე სლოვაკეთის „ლევიცე“ იქნება #1TVSPORT
გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა, რომელსაც უნდა გაერკვია საქართველოს ჩემპიონის, „ქუთაისის“ მეტოქე.
ქუთაისური კლუბი ევროსარბიელზე პირველად თამაშობს. წილისყრამ მას მოწინააღმდეგედ სლოვაკეთის „ლევიცე“ არგუნა. საქართველოს ჩემპიონი საკვალიფიკაციოს მეოთხედფინალიდან იწყებს. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ის ესტონურ „კალევს“ შეხვდება. ფინალში გამარჯვებული კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობის შემთხვევაში „ქუთაისი“ ფიბა-ევროპის თასზე გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ შარშან ამავე შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა თსუ-მ, რომელიც მეოთხედფინალში „ბენფიკასთან“ დამარცხდა. საბოლოოდ, ფინალურ ეტაპზე პორტუგალიელები გავიდნენ, ხოლო თსუ-მ ფიბა-ევროპის თასზე იასპარეზა.