საჯარო სამსახურის ბიურო - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში არის მცდარი შეფასებები, რამაც შესაძლოა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს
საჯარო სამსახურის ბიურო - „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაში არის მცდარი შეფასებები, რამაც შესაძლოა, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ კვლევაში „მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები“ – მოცემული შეფასებები მცდარია, რამაც შესაძლებელია, გამოიწვიოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.

როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წლის განმავლობაში, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად, მონიტორინგი უკვე განხორციელდა კვლევაში ნახსენები თანამდებობის პირების უმეტესი ნაწილის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მიმართ.

„მონიტორინგის შედეგად უარყოფითად შეფასდა და დაჯარიმდა მხოლოდ ცხრა თანამდებობის პირი, მათ შორის არ არიან კვლევაში დასახელებული მინისტრები მაია ცქიტიშვილი, ეკატერინე ტიკარაძე და ლევან დავითაშვილი. დარღვევის შინაარსი, რომლის საფუძველზეც ბიურომ მიიღო თანამდებობის პირის დაჯარიმების გადაწყვეტილება, უმეტესწილად ეხებოდა არასწორად დაანგარიშებულ სასესხო ვალდებულებებს, ასევე რიგ შემთხვევაში, გამორჩენილი იყო ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები და ერთჯერადი გასავალი ხარჯები.

კვლევაში მოცემული სხვა თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების უმეტესი ნაწილი მონიტორინგის შედეგად შეფასდა დადებითად, ხოლო არაარსებითი დარღვევის შემთხვევაში, მცირე ნაწილს, მიეცა კანონით დადგენილი წესით გაფრთხილება.

აღსანიშნავია, რომ დეკლარაციაში ისეთი საწარმოს მიუთითებლობა, რომელიც უკანასკნელი ექვსი ან მეტი წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებს, არ წარმოადგენს დარღვევას. ამასთან, აქციებისა და წილის ფლობის კანონთან შეუსაბამობა, კვლევაში არასწორად არის მითითებული.

მონიტორინგის საბოლოო შედეგი გამოქვეყნდება ანგარიშის სახით მიმდინარე წლის ბოლოს, პროაქტიულად, კანონით დადგენილი წესით, სადაც ასახული იქნება კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგი, ხოლო დარღვევის არსებობისას, დარღვევის შინაარსიც“, – აცხადებენ ბიუროში.