საჯარო მოხელეებმა სასწავლო კურსი გაიარეს
საჯარო მოხელეებმა სასწავლო კურსი გაიარეს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით, გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით, 170-ზე მეტმა საჯარო მოხელემ სასწავლო კურსი  „საჯარო პოლიტიკის ანალიზი“ გაიარა.

ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა კახიშვილმა, საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა, ლუიზა ვინტონმა, ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის პროექტების მენეჯერმა, თამარ ტრაპაიძემ და საკონსულტაციო კომპანიის „ჯი-ი-სი“ პარტნიორმა, გიორგი სიმონგულაშვილმა გადასცეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სასწავლო კურსი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ჩატარდა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობას ემსახურება და პასუხობს „საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევის“ ექვსი მიმართულებიდან ერთ-ერთს: პოლიტიკის შემუშავება და კოორდინაცია.

სასწავლო კურსის პროგრამა  კონსორციუმის მიერ ჩატარებული საჭიროებების შეფასების საფუძველზე შემუშავდა და მიზნად ისახავდა საქართველოს სამინისტროების შესაძლებლობების გაძლიერებას სტრატეგიული დაგეგმვისა და პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით.

„მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მნიშნველოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რათა ზუსტად ვიცოდეთ განვითარების ტემპი, მთავრობის საქმიანობის შედეგები და გამოწვევები,” – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ლუიზა ვინტონის განცხადებით, საჯარო მოხელეების ახალი უნარები საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

„ვულოცავთ დღევანდელ კურსდამთავრებულებს ტრენინგების წარმატებულ დასრულებას, საჯარო მოხელეების ახალი უნარები ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას და უზრუნველყოფს, რომ მთავრობის პოლიტიკა – და მათი განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხები – მიმართული იქნება დასახული მიზნების მიღწევისაკენ,“ – აღნიშნა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა.

საკონსულტაციო კომპანიის „ჯი-ი-სი“ პარტნიორმა, გიორგი სიმონგულაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული კურსების ინსტიტუციონალიზაცია მოხდება, რათა ყველა საჯარო მოხელემ, რომელიც პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებით იმუშავებს, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მსგავსი კურსის გავლა შეძლოს.

შეხვედრას საქართველოს საჯარო სამსახურის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური ინსტიტუტებისა და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.