საჯად კარიმი - ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღება საქართველოსადმი სოლიდარობაა, მაგრამ არ არის პროცესის დასასრული
საჯად კარიმი - ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღება საქართველოსადმი სოლიდარობაა, მაგრამ არ არის პროცესის დასასრული

რუსეთი არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას, კანონზე დამყარებულ სისტემას და ქმნის დესტაბილიზაციას, – ამის შესახებ პირველ არხს ევროპარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავჯდომარემსაჯად კარიმმა განუცხადა.

ევროპარლამენტარმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გაამახვილა ყურადღება.

„რეალობა მძიმეა. საქართველოს მოქალაქე შეიძლება გაიტაცონ და შინაგანი ორგანოების გარეშე დაუბრუნონ ოჯახს. მე მხარს ვუჭერ რეზოლუციას. მიხარია და მივესალმები ევროპარლამენტის პოზიციას, რომ ეს არის ოკუპაცია. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია. რუსეთი არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას, კანონზე დამყარებულ სისტემას და ქმნის დესტაბილიზაციას. ეს არის ოკუპაცია და ეს ტერმინი უნდა გამოვიყენოთ. მე და ჩემი კოლეგები მივესალმებით საქართველოში მიღებულ რეზოლუციას და მოხარულები ვართ, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ავსახეთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღება სოლიდარობაა, მაგრამ არ არის პროცესის დასასრული. უნდა გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა ევროკომისიასთან და ევროპულ საბჭოსთან იმისათვის, რომ მათ ჩვენი რეკომენდაციები გაითვალისწინონ“, – განაცხადა საჯად კარიმმა.

ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ. ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, 14 ივნისს უყრიან კენჭს.