ხვალ, „დინამო არენაზე“, 70-ე ქართული კლასიკო შედგება – თბილისის „დინამო“ ეროვნული საფეხბურთო ლიგის 22- ე ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს. კვირას, 4 ნოემბერს კი პრინციპული მეტოქეები ერთმანეთს ქუთაისში დაუპირისპირდებიან. ამ მატჩების შედეგები ჩემპიონატის სატურნირო ცხრილზე დიდ გავლენას მოახდენს.
„ხვალინდელი შეხვედრა დაძაბული და სანახაობრივი იქნება. ასეთ მატჩებს გულშემატკივარი ალამაზებს და ყველა მოვუწოდებ, მოვიდნენ. ჩვენ კი შევეცდებით, კარგი თამაში ვაჩვენოთ“ – ამბობს პირველ არხთან ქუთაისის „ტორპედოს“ კაპიტანი როინ კვასხვაძე.
ლაშა თოთაძე, თბილისის „დინამოს“ კაპიტანი – „ქართული კლასიკო ჩემთვის ასოცირდება კარგ განწყობასთან, რადგან სხვა მატჩებთან შედარებით, სტადიონზე ყოველთის უფრო მეტი გულშემატკივარი დადის. ჩვენ ჩემპიონობისთვის ვიბრძვით, მოგება გვჭირდება.“
ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, ამ გუნდების დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. გუნდების მდგომარეობის მიუხედავად, ეს თამაშები ყოველთვის უკომპრომისოდ მიმდინარეობდა – მოედანზეც და ტრიბუნებზეც. იყო შემთხვევა, ფანებმა თამაში ჩაშალეს.
ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა გასული სეზონის ბოლო ტურში შედგა – ქუთაისელებმა დრამატულ მატჩში ლიდერი „დინამო“ თბილისში 1:0 დაამარცხეს და ჩემპიონობა მოიპოვეს. ეს წაგება „დინამოში“ დღემდე მტკივნეულად ახსოვთ.
კახა კაჭარავა, თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი – „რა თქმა უნდა, შარშანდელი წაგებისთვის რევანშის სურვილი არის. ჩვენ წარსული უნდა დავივიწყოთ და შევეცადოთ, რომ ხვალ წინა თამაშების შეცდომები გამოვასწოროთ. ამ შეხვედრების ტრადიციები მაფიქრებს, რომ ხვალ ძალიან კარგი თამაში გველის. მაგრამ ფეხბურთელებმა მეტი სტიმულით რომ ითამაშონ, მაყურებელია საჭირო და იმედი მაქვს, რომ ხვალ “დინამო-არენაზე” ხალხი მოვა და კარგი საფეხბურთო გარემო იქნება.“
ქართულ კლასიკოში კახა ჩხეტიანი ფეხბურთელის რანგშიც მონაწილეობდა, ახლა კი ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელია და გუნდს მორიგი კლასიკოსთვის ამზადებს – „ამ შეხვედრის მწვრთნელის რანგში ჩატარება ბევრად უფრო რთულია. მაგრამ მე ისეთი ფეხბურთელები მყავს, მოედანზე ყოველთვის აიოლებენ და იმედი მაქვს, ხვალაც ასე იქნება.“
ეროვნული ლიგის 22-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა, „დინამო -არენაზე“, 20:00 საათზე დაიწყება. ქუთაისში 4 ნოემბერს კი 18:00 საათზე. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს მეორე არხი შემოგთავაზებთ.