საია საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს
საია საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს

„საქართველო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

სარჩელი ეხება მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შესახებ არსებულ სამართლებრივ ნორმას.

საია მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით უარის თქმის შემთხვევაში დასაბუთების ვალდებულება უნდა არსებობდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების წესი ეწინააღმდეგება „საქართველოს კონსტიტუციის“ 29-ე მუხლს, რომელიც სახელმწიფო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლებას გულისხმობს.

საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი შავაძეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უვადოდ გამწესებაზე უარი უთხრა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უნდა ჰქონდეს დასაბუთების ვალდებულება.

„სარჩელის შეტანის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. რეალურად ეს სარჩელი ეხება მხოლოდ დასაბუთების ნაწილს. თქვენ იცით, რომ მოსამართლეთა დანიშვნაზე უარის შემთხვევაში არ ხდება დასაბუთება. ჩვენ ამაზე მუშაობა ახლა დავიწყეთ და ამ საკითხის არაკონსტიტუციურად ცნობას მოვითხოვთ“,- განაცხადა გოცირიძემ.