საია-ს იურისტი - მიუხედავად იმისა, რომ მაკო გომური და კიდევ ორი პირი დაზარალებულად ცნობილია, არაერთი ადამიანია, რომელთაც ასევე უნდა მიენიჭოთ სტატუსი
საია-ს იურისტი - მიუხედავად იმისა, რომ მაკო გომური და კიდევ ორი პირი დაზარალებულად ცნობილია, არაერთი ადამიანია, რომელთაც ასევე უნდა მიენიჭოთ სტატუსი

საქმის მასალების გაცნობის შედეგად თუ ვნახავთ, რომ დაზარალებულად ცნობა შეეძლოთ ორი თვის წინაც და არაფერი მნიშვნელოვანი არ არის ჩატარებული გამოძიებაში, ვიტყვით, რომ გამოძიება ჭიანურდება და ამაზე შესაბამის ინსტანციებს მივმართავთ, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტმა, რეზო აჭარაძემ პროკურატურის მიერ 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე სამი პირის დაზარალებულად ცნობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

„რაც შეეხება დაზარალებულად ცნობას, საია უკვე რამდენიმე თვეა, ითხოვდა არაერთი პირის დაზარალებულად ცნობას. დღეის მდგომარეობით, როგორც გავიგეთ პროკურატურისგან, დაზარალებულად ცნობილია სამი პიროვნება. ერთ-ერთი მაკო გომურია. არ არის ცნობილი გიორგი სულაშვილი, გურამ მურადოვი და კიდევ სხვა რამდენიმე პირი, რომლებსაც მიადგათ ზიანი. რაც შეეხება უშუალოდ ამ გადაწყვეტილებას, ამ პირებს აქვთ უფლება გაეცნონ მასალებს, უშუალოდ მიიღონ ინფორმაცია, რომელიც მნიშვნელოვნია მათი უფლებების დაცვისთვის. სავარაუდოდ გვექნება გამოძიებასთან შენიშვნები, თუ რატომ არ ჩატარდა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები დროულად. ამ ეტაპისთვის ერთადერთი პასუხია, რომ ბევრი დაზარალებული ჰყავთ და ბევრი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება სჭირდებათ“, – განაცხადა რეზო აჭარაძემ.

მისივე თქმით, საია მიიჩნევს, რომ საქმე ჭიანურდება.

„არ აქვს არსებითი ღირებულება, თუნდაც პიროვნება დაზარალებულად იყოს ცნობილი. სახეზეა რეალობა, რომ გამოძიება არ აკეთებს თავის გასაკეთებელს. პიროვნებას აქვს უფლება, თუ მიაჩნია, რომ მას მიადგა ზიანი, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. მან უკვე უნდა განსაჯოს, რამდენად დროულად და ლოგიკურად მიმდინარეობს გამოძიება. დღეის მდგომარეობით, მიუხედავად იმისა, რომ მაკო გომური ცნობილია დაზარალებულად, არის არაერთი ადამიანი, რომელთაც ასევე უნდა მიენიჭოთ ეს სტატუსი. საია, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ამ პირების მიმართაც შესაბამისი განცხადებისა და საჩივრების მიღებას“, – აღნიშნა რეზო აჭარაძემ.

მისი თქმით, ერთადერთი მოთხოვნაა, რომ გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მივიდეს.

„გამოიკვლიონ პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული, წარუდგინონ ბრალი, შემდეგ სასამართლოში წარიმართოს ამ პირების საქმე და სასამართლომ განსაჯოს, რამდენად იყვნენ მართალი თუ მტყუანი და განაჩენი შესაბამისად იქნას გამოტანილი ამ პირების მიმართ; ყველა პირის მიმართ, ვინც მიიღო მონაწილეობა, უშუალოდ შემსრულებელი ვინც იყო, თუ ვინც მიუთითა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისკენ, გამოტანილ იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება და დაისაჯონ“, – განაცხადა რეზო აჭარაძემ.

​მისი თქმით, აქამდეც შესაძლებელი იყო, 20-21 ივნისის ღამეს დაზარალებულებს სტატუსი მინიჭებოდათ.

„რა თქმა უნდა, არ ვიცნობთ ამ მომენტში საქმის მასალებს, თუმცა ეს პერიოდი, ამდენი თვე არ არის ჩვენი შეხედულებით ლოგიკური. ჩვენ მივეცით გარკვეული დრო, არ მიგვიმართავს პირველივე დღეებში, ვინაიდან გამოძიებას სჭირდებოდა გარკვეული ვადა. თუმცა, დღევანდელი გამარჯვება ეს არის“, – აღნიშნა რეზო აჭარაძემ.

მისი თქმით, საია ელოდება, რომ გამოძიება დაზარალებულად ცნობის გადაწყვეტილებას მიიღებს სხვა პირების მიმართაც.

„საპირისპირო შეთხვევაში, განცხადება გვაქვს მიმართული, საჩივრითაც მივმართავთ ზემდგომ პროკურორს სხვა იმ პირების მიმართ, ვისიც ჯერ არ არის სასამართლოში გასაჩივრებული და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც არსებობს, რომელიც წესით გვერდით დაგვიდგება.

გავეცნობით საქმის მასალებს, ვნახავთ თუ რა არის მითითებული, რის საფუძველზე მოხდა დაზარალებულად ცნობა, რა საგამოძიებო მოქმედებებია დარჩენილი. თუ ვნახავთ, რომ დაზარალებულად ცნობა შეეძლოთ ორი თვის წინაც და არაფერი მნიშვნელოვანი არ არის ჩატარებული გამოძიებაში, რა თქმა უნდა ვიტყვით, რომ გამოძიება ჭიანურდება და ამაზე შესაბამის ინსტანციებს მივმართავთ.

თვითონ დაზარალებულის სტატუსი ნიშნავს იმას, რომ როგორც გამოძიებას ამ ეტაპზე მიაჩნია, ამ პირს ნამდვილად მიადგა 20-21 ივნისის ღამეს ზიანი დანაშაულებრივი გზით. ეს არის ფიზიკური ზიანი და გამოძიება ასე ვთქვათ ამბობს იმავეს, რასაც ჩვენ ვამბობდით. ეს პირი დაზარალებულია და მათ საწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით მიადგათ შესაბამისი ზიანი. ეს აღიარა სახელმწიფომ, ახლა ის რჩება, რომ გამოიძიონ და გაარკვიონ, ვინ ჩაიდინა დანაშაული. შემდგომ უნდა წარედგინოს ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს შესაბამისი ბრალი და წავიდეს სასამართლოში, რომ გამოვიდეს განაჩენი“, – დასძინა რეზო აჭარაძემ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებისა და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ.