საია საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს
საია საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მეორე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება, – ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე შუალედური ანგარიში ფარავს სექტებრის თვეში გამოვლენილ დარღვევებს ან ისეთ შემთხვევებს, რომლებიც ცუდი პრაქტიკაა. საერთო ჯამში, საია-ს დამკვირვებლებმა დააფიქსირეს: სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის ერთი შემთხვევა; ამომრჩევლის მოსყიდვის ერთი შემთხვევა; მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11 შემთხვევა; პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის სამი შემთხვევა.

„ნათლად ჩანს, გაზრდილია მუქარისა და ძალადობრივი შემთხვევების ფაქტები. მარტო სექტემბრის თვეში ჩვენ ასეთი 11 შემთხვევა გვაქვს დაფიქსირებული. ანგარიშში ასევე ვსაუბრობთ ამომრჩევლის მოსყიდვის ერთ შემთხვევაზე. „პსპ“ სთავაზობს მოქალაქეებს გარკევული მედიკამენტების შეღავათიან ფასებში ჩამოტანას თურქეთიდან. მოგეხსენებათ, ბატონი ოქრიაშვილი არის „პსპ“-ს 95 პროცენტის წილის მესაკუთრე. ჩვენი შეფასებით, ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა“, – განაცხადა „საქართვლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

ანგარიშის თანახმად, კვლავ გამოწვევად რჩება სამთავრობო პროექტების პერსონოფიცირება და კონკრეტულ პარტიასთან აფილირება, რაც მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად, ისევე როგორც ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად აღიქმება. სექტემბერი გამოირჩეოდა ძალადობრივი ქმედებებით, რამაც საგანგაშო ხასიათი მიიღო ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების დროს.

„ამ მოვლენებს მიღმა, საია-სთვის ცნობილი გახდა ოპოზიციური პარტიების („ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტები“) აქტივისტებზე მუქარისა და თავდასხმის შემთხვევებიც. ყველა მათგანი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, ამჯერადაც გამოვლინდა ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ხელისშეშლის ფაქტები („ლელო“ და „ერთიანი საქართველოს დემოკრატიული მოძრაობა“), რაც თანასწორი საარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელია“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში ასევე მოცემულია ინფორმაცია რამდენიმე მუნიციპალიტეტების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევაზე.

„საია აგრძელებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს და მომავალშიც უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას სანდო და მტკიცებულებაზე დაფუძნებული კვლევების მიწოდების გზით.

ანგარიში მომზადდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ, „ღია საზოგადოების ფონდის“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. გამოცემის შინაარსზე პასუხისმგებელია საია და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას“, – ნათქვამია საია-ს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი