საია - საქმის მასალებით დგინდება, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას ახორციელებდა პოლიციის სულ მცირე სამი თანამშრომელი
საია - საქმის მასალებით დგინდება, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას ახორციელებდა პოლიციის სულ მცირე სამი თანამშრომელი

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ საქმის მასალებით დგინდება, არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის სულ მცირე სამი თანამშრომელი ახორციელებდა, რომელთა ვინაობაც დადგენილი არ არის.

როგორც საია-ში აცხადებენ, ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ლუკა სირაძის საქმის მასალებს გუშინ გაეცნო.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის ჩატარებულია სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, გამოკითხულია არაერთი მოწმე და დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს განყოფილების ერთი გამომძიებელი.

„ამ დროისთვის საქმის მასალებით დგინდება, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის სულ მცირე სამი თანამშრომელი ახორციელებდა, რომელთა ვინაობაც დადგენილი არ არის. ასევე, დასტურდება, რომ ბავშვი პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშე დროის სხვადასხვა მონაკვეთში, მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა გარემოცვაში რამდენჯერმე დარჩა. მათ შორის, ბავშვს ცალკე ესაუბრებოდა ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე. აღსანიშნავია, რომ 15 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე უარყოფდა ბავშვის განცალკევებით გამოკითხვის და მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ზეწოლის ფაქტს. საია მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს:  ჩატარდეს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები იმ პოლიციელთა ვინაობის დასადგენად, რომლებიც ლუკა სირაძის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში მონაწილეობდნენ. პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიციის განყოფილებაში მომხდარ დანაშაულზე ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეს, ნინო ცაციაშვილს. საია მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობები“, – აცხადებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.