საჰიბა გაფაროვა შალვა პაპუაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ჩვენს პარლამენტებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები და გულწრფელი პარტნიორობა განმტკიცდება და გაფართოვდება
საჰიბა გაფაროვა შალვა პაპუაშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ჩვენს პარლამენტებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები და გულწრფელი პარტნიორობა განმტკიცდება და გაფართოვდება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის სპიკერი საჰიბა გაფაროვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპაუშვილს მისალოც წერილს უგზავნის და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ წერს.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, საჰიბა გაფაროვა წერს, რომ მოხარული იქნება, თუ საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები და გულწრფელი პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება და გაფართოვდება.

„პატივცემულო ბატონო თავმჯდომარე, ჩემი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის წევრთა სახელით, გულწრფელ მილოცვას გიგზავნით თქვენ, პარლამენტის თითოეულ წევრს და თქვენი ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

ჩვენი ხალხების მრავალსაუკონოვანი კეთილმეზობლური თანაცხოვრების ფონზე განსაკუთრებული სიამაყით მავსებს პარლამენტთაშორის არსებული მჭიდრო და სტრატეგიული თანამშრომლობა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე აქტიური დიალოგისა და სხვადასხვა დონეზე მიღწეული ნაყოფიერი თანამშრომლობის პარალელურად, ჩვენი დელეგაციები წარმატებით მუშაობენ საერთაშორისო ასპარეზზე და სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის ირგვლივ ერთმანეთისადმი მხარდაჭერით გამოირჩევიან.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის მრავალმხრივი ურთიერთობები და გულწრფელი პარტნიორობა კიდევ უფრო განმტკიცდება და გაფართოვდება ორივე ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ.

ამ მნიშვნელოვან დღეს გისურვებთ ჯანმრთელობას, შემდგომ წარმატებას, ჩვენს მეგობარ ქართველ ერს კი – მუდმივ მშვიდობასა და აღმასვლას“, – წერს საჰიბა გაფაროვა.