საგარეო უწყებაში გამართულ ღონისძიებაზე ლევან მიქელაძის წერილი გაიხსენეს, რომლითაც 7 ნოემბრის მოვლენები დაგმო და თანამდებობა დატოვა
საგარეო უწყებაში გამართულ ღონისძიებაზე ლევან მიქელაძის წერილი გაიხსენეს, რომლითაც 7 ნოემბრის მოვლენები დაგმო და თანამდებობა დატოვა

ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტსა და ლევან მიქელაძის სახელობის ფონდს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიება სიმბოლურად დღეს, 7 ნოემბერს გაიმართა, რადგან ლევან მიქელაძემ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების გამო, საგარეო საქმეთა სამინისტროში 11-წლიანი დიპლომატიური საქმიანობა შეწყვიტა და თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში დოკუმენტზე ხელმოწერამდე ლევან მიქელაძის ბიოგრაფიის შესახებ ვიდეორგოლიც უჩვენეს და საზოგადოებას ის წერილი შეახსენეს, რომლის საფუძველზეც ლევან მიქელაძემ შვეიცარიაში ელჩისა და ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა.

იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილისთვის მიწერილ წერილში ლევან მიქელაძე 7 ნოემბერს ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით ჩახშობას უზარმაზარ იმედგაცრუებად აფასებს და პროტესტის ნიშნად თანამდებობას ტოვებს. მიქელაძე ბეჟუაშვილს სთხოვს, მისი გადადგომის განცხადება პრეზიდენტსა და პარლამენტს გადასცეს.

„ძვირფასო მეგობრებო,

წერილი, რომელსაც გიგზავნით, ჭმუნვითა და ტკივილითაა სავსე. გწერთ, რათა შეგატყობინოთ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც იძულებული ვარ, მივიღო იმ საგანგაშო მოვლენებისა და ძალადობის კვალობაზე, რომელიც 7 ნოემბერს თბილისში მოხდა. გადაწყვეტილება – ძალის გამოყენებით ჩაეხშოთ მშვიდობიანი დემონსტრანტები – უზარმაზარი იმედგაცრუებაა, ვინაიდან მჯერა, რომ საქართველომ მთავარ მიზნად დემოკრატიისა და თავისუფალი ქვეყნის მშენებლობა აირჩია. ამ მიზეზის გამო, მე აღარ შემიძლია, კეთილსინდისიერად შევასრულო საქართველოს ახლანდელი მთავრობისათვის ჩემი, როგორც შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ჟენევაში განთავსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მეთაურის მოვალეობა.

7 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრ გელა ბეჟუაშვილს ვთხოვე, ჩემი გადადგომის განცხადება გადაეცა პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტისთვის. ამ გადაწყვეტილებით სრულდება ჩემი როგორც საქართველოს ელჩის დიპლომატიური სამსახურის 11 წელი, რომელიც ვენაში დაიწყო და გაგრძელდა ვაშინგტონსა და ჟენევაში. ამ დროის განმავლობაში ვცდილობდი ჩემი უფლება-მოვალეობა ჩემი საპატიო თანამდებობისადმი და ქვენისადმი სიყვარულითა და ენთუზიაზმით შემესრულებინა. ეს გადაწყვეტილება ჩემი მოღვაწეობისა და ფასეულობების შესაბამისია.

ქართველ ხალხთან ერთად, უაღრესად რთული დროის გამოვლა მომიწია. სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო, რომ ეს სირთულეები არ დასრულებულა. მაგრამ ისიც ვიცი, რომ ქართველ ხალხს ძალუძს კრიზისის დაძლევა. გთხოვთ, შეინარჩუნოთ საქართველოს მიმართ კეთილგანწყობა.

მადლობას გიხდით მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში. მე, ჩემს ოჯახსა და საქართველოს თქვენთან მეგობრობამ მრავალი სიკეთე გვარგუნა.

ვიმედოვნებ, უკეთესი დრო დადგება; ახლა კი ვალდებული ვარ, ეს ნაბიჯი გადავდგა, რათა გავემიჯნო არსებულ მოვლენათა მდინარებას“, – ნათქვამია ლევან მიქელაძის მიერ 2007 წელს გელა ბეჟუაშვილისთვის გამოგზავნილ წერილში.