საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ თურქეთიდან საქართველოს მოქალაქის გადმოსასვენებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ თურქეთიდან საქართველოს მოქალაქის გადმოსასვენებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის თურქეთიდან სამშობლოში გადმოსასვენებლად.

მისივე თქმით, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტამბულში, თავისივე საცხოვრებელ ბინაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მისივე თქმით, გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა და პირველადი მონაცემებით, მას ძალადობის კვალი, აგრეთვე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

„ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ამ დანაშაულში ეჭვმიტანილია საქართველოს მოქალაქე, თუმცა ჯერჯერობით ამის თაობაზე დაზუსტებული მონაცემები თურქეთს არ გამოუქვეყნებია. გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაშია და აქტიურად ვმუშაობთ, რათა დროულად მოხდეს გარდაცვლილის ცხედრის გადმოსვენება. ეს დიდი ალბათობით, დღეს გვიან ან ხვალისთვის მოხდება“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.