საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის თანაორგანიზებით, თბილისში ლტოლვილთა ფორუმი გაიმართა
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის თანაორგანიზებით, თბილისში ლტოლვილთა ფორუმი გაიმართა

თბილისის საკრებულოს შენობაში ლტოლვილთა ფორუმი გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის (UNHCR) მიერ, ქალაქ თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით.

ფორუმი გაიხსნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლაშა დარსალიას, გაერო-ს ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისრის მოადგილის, ჯილიან ტრიგსისა (ვიდეოგზავნილი) და საქართველოში UNHCR-ის წარმომადგენლის მისასალმებელი სიტყვებით.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ლაშა დარსალიამ ისაუბრა გლობალური იძულებითი გადაადგილების მზარდ პრობლემაზე და მის გადასაჭრელად საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის საჭიროებაზე.

„მან ხაზი გაუსვა ღონისძიების მნიშვნელობას და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობას როგორც UNHCR-თან, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რის შედეგადაც გასული წლების განმავლობაში შესაძლებელი გახდა კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარულ საჭიროებებზე რეაგირება, საქართველოში თავშესაფრების სისტემისა და ლტოლვილთათვის პოლიტიკის ეფექტიანობის ამაღლება. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მდგომარეობაზე და საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე გაწეულ ძალისხმევაზე მათი საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების რეალიზაციის მიზნით. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, ასევე საჯარო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეებს გააცნეს ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა 2019 წელს ჟენევის ლტოლვილთა პირველი გლობალური ფორუმის ფარგლებში ქართული მხარის მიერ აღებული ნებაყოფლობითი ვალდებულებების შესასრულებლად. დამსწრე საზოგადოებას ასევე შესაძლებლობა ჰქონდა, გაცნობოდა უშუალოდ ლტოლვილთა თემის, მათ შორის, უკრაინიდან დევნილთა წარმომადგენლების ისტორიებს და მოესმინა სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელთათვის, რომლებმაც ისაუბრეს საქართველოში ლტოლვილთა დახმარების მიზნით გაწეულ ძალისხმევაში მათი ჩართულობის თაობაზე“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.