საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, იტალიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, იტალიაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ

იტალიის რესპუბლიკის ზოგიერთ რეგიონში კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მაღალი მაჩვენებლის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ცალკეულმა ავიაკომპანიებმა მიიღეს გადაწყვეტილება იტალიის მიმართულებით ავიამიმოსვლის დროებით შეჩერების, ან ფრენების სიხშირის შეზღუდვის შესახებ, საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, თავი შეიკავონ იტალიაში, განსაკუთრებით მის ჩრდილოეთ რეგიონებში – ლომბარდიასა და ვენეტოში, ასევე ემილია რომანიაში მგზავრობისგან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„აქვე გაფრთხილებთ, რომ კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირებულია იტალიის შემდეგ რეგიონებშიც – ლაციო, აბრუცო, კამპანია, პულია, კალაბრია, სიცილია, მარკე, ფრიული-ვენეცია-ჯულია, ტოსკანა, პიემონტე, ბოლცანო, ლიგურია.

იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დაემორჩილონ ადგილობრივი მთავრობის მითითებებს და რეკომენდაციებს, ასევე საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ქ. რომში ცხელი ხაზის ნომერზე +333 8879123. საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც აქვს იდენტიფიცირებული საკუთარი თავი საქართველოს საკონსულო დაწესებულებაში, ასევე იტალიაში მოქმედ საქართველოს დიასპორულ ორგანიზაციებს უგზავნის რეკომენდაციებს ვირუსის პრევენციისთვის მისაღები საჭირო ზომებისა და მათ შორის არსებული შეზღუდვების შესახებ“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.