საგარეჯოსა და ახმეტის ხუთ საბავშვო ბაღში დარღვევები აღმოჩნდა
საგარეჯოსა და ახმეტის  ხუთ საბავშვო ბაღში დარღვევები აღმოჩნდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად აღმოჩენილი დარღვევების გამო, საგარეჯოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტში ხუთი საბავშვო ბაღის მუშაობა შეჩერდა და ეს ბაღები 1 000-1 000 ლარით დაჯარიმდა.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სოფელ კაკაბეთისა და დიდი ჩაილურის, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ აწყურის, ფიჩხოვანისა და ქვ. ალვანის საბავშვო ბაღებში სავენტილაციო სისტემები არ მუშაობდა გამართულად.

„სკოლამდელი აღზრდის ობიექტების გეგმური შემოწმებისას კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა, რასაც შესაძლოა, გამოეწვია საკვები პროდუქტის დაბინძურება, კერძოდ კი სამზარეულოებში აღინიშნებოდა კედლებისა და ჭერის დაზიანებები, მათზე ობის წარმოქმნა და ჭერიდან ნაწილაკების ცვენა. შესაბამისი ოქმი შევადგინეთ და აღნიშნულ საბავშვო ბაღებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და დაჯარიმდნენ 1000 ლარით“, – განუცხადა პირველ არხს სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ნანა ახალმოსულიშვილმა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს საწარმოო პროცესი სამზარეულო ბლოკების მოწესრიგების შემდეგ აღუდგებათ.