საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ პანდემიის მიუხედავად, სამსახურის ყველა დანაყოფი შეუფერხებლად მუშაობს

12:30, 30.11.2020

კოვიდპანდემიის მიუხედავად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა დანაყოფი შეუფერხებლად მუშაობს, განსაკუთრებულად კონტროლდება სანიტარული და უსაფრთხოების ნორმები სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში, რადგან მათ პირდაპირი შეხება აქვთ მოქალაქეებთან, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მეხანძრე-მაშველები უზრუნველყოფილი არიან ინდივიდუალური დაცვის ყველა საჭირო საშუალებით. ყოველ შაბათ-კვირას ხდება სახანძრო-სამაშველო ძალების შენობების დეზინფექცია, ხოლო რომელიმე დანაყოფში ინფექციის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ტარდება არაგეგმური დეზინფექცია როგორც შენობების, ასევე, ავტომობილების.

„ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, სამი ათასი მეხანძრე-მაშველიდან „კოვიდ-19“ დადასტურებული აქვს მხოლოდ 173 მეხანძრე-მაშველს. ყველა თანამშრომელს, ვისაც დადასტურებული აქვს „კოვიდ-19“, უტარდება შესაბამისი მკურნალობა, ხოლო ის თანამშრომელი, ვისაც დაუფიქსირდება ინფიცირებულთან კონტაქტი, გადადის თვითიზოლაციაში და 72 საათში უტარდება „პისიარ“ ტესტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია სათანადო რესურსი და ინფრასტრუქტურა, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბაზაზე, კვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდით, თანამედროვე, მსოფლიო მასშტაბით აპრობირებული, უახლესი სისტემებითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიით, „პისიარ“ ლაბორატორიაში შეძლოს დღეში 1 000 ლაბორატორიული კვლევის ჩატარება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სრულად იცავს საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს, რის შედეგადაც მეხანძრე-მაშველები შეუფერხებლად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და ემსახურებიან მოქალქეებს. ამ დროისთვის, სახანძრო-სამაშველო ძალებში რამე სახის ეპიდაფეთქებაზე საუბარი არის საფუძველს მოკლებული და ტყუილი. ტელეკომპანია „მთავრი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მასში დაშვებულია რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა: 1. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში ეპიდაფეთქება არ არის. 2. „112“-ის თანამშრომელი არ არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი. 3. საუბარია სააგენტოზე, როგორც სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტზე, რაც ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, ე.წ. სატელეფონო ინტერვიუ ტირაჟირებს ტყუილს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს “მთავარი არხი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით არ დაკავშირებია“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მსგავსი