საგამოძიებო სამსახურმა სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინა და ექვსი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა სიგარეტის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინა და ექვსი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა – გადაზიდვის რვა ფაქტი გამოავლინეს და ექვსი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს, შიდა ქართლის, იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 11 100 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 41 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.