საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სხვა პირების დახმარებით, ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაში რიცხული, ჯამში 47 800 კვ/მ მოცულობის მიწის ორი ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, გააყალბა აღნიშნული კომპანიის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე გახდა მისი ერთპიროვნული დირექტორი და დამფუძნებელი, რის შემდგომაც მიწის ნაკვეთები გადააფორმა თავისივე სახელზე რეგისტრირებულ სხვა კომპანიაზე.

„დანაშაულებრივი განზრახვის აღსრულების შემდეგ, ბრალდებული გეგმავდა მიწის ნაკვეთების იპოთეკით დატვირთვას 200 000 აშშ დოლარამდე თანხის დაუფლების მიზნით, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიების პროცესში მიწის ნაკვეთებს დაედო ყადაღა. წინასწარი მონაცემებით, მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება აღემატება 16 000 000 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 210-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.

გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.