საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა სამი პირის მიმართ დაიწყეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, შიდა ქართლის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერიის იმ პერიოდისათვის მოქმედი თანამშრომლის დახმარებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე, 182 511 ლარის ღირებულების მიწის სამი ნაკვეთი – საერთო ფართობით 12 117 მ2.

„გამოძიების პროცესში დაყადაღდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 341-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია საგამოძიებო უწყების ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი