საფრთხე ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე: რუმინეთი ალიანსის ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედებას განიხილავს
2025 წლის 27 დეკემბერს გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია რუსეთის არმიის მიერ გამოყენებული ირანული დრონი „შაჰედ 136“ (საილუსტრაციო ფოტო)
ბუქარესტი მის საჰაერო სივრცეში მეოთხე დრონის შეჭრის შესახებ საუბრობს.
27 ივლისის დილით, რუმინეთის საჰაერო სივრცეში, ხანმოკლე დროით, დრონი შეიჭრა. ეს უკვე ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მომხდარი მეოთხე მსგავსი ინციდენტია.
F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების საშუალებით წინა სამი დრონის ჩამოგდება რუმინეთის არმიას დაახლოებით 1.5 მილიონი ევრო დაუჯდა. თითოეული გამოყენებული რაკეტა 400 000 ევრო ღირს. თუ ასეთი დარღვევები გაგრძელდება, რუმინეთი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ასეთი ხარჯების გაწევას არ შეეგუება და უფრო ხარჯეფექტურ გადაწყვეტილებებს ეძებს.
ტელეკომპანია Digi24-თან საუბრისას, რუმინეთისსაგარეო საქმეთა მინისტრმა, ოანა ცოიუმ არ გამორიცხა, რომ ქვეყანამ ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლი ამოქმედება მოითხოვოს. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს კონსულტაციების გამართვას, თუ რომელიმე მოკავშირე მიიჩნევს, რომ მისი ტერიტორიული მთლიანობა ან უსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას.
მომხდარი ინციდენტების შემდეგ, ბუქარესტმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატი გააძევა. ამ საკითხთან დაკავშირებით, რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.
ოანა ცოიუ, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: „რუსეთის ელჩის დაბარება საპროტესტო ზომაა. როგორც იცით, იგივე ნაბიჯი გადავდგით გალაცში დრონის ჩამოგდების შემდეგ და ასევე სხვა ინციდენტების დროს, როდესაც რუსეთის ფედერაციიდან წამოსული „შაჰედის“ ტიპის დრონები უკანონოდ და ნებართვის გარეშე შემოვიდნენ ჩვენს საჰაერო სივრცეში“.