საფრანგეთში ტყის ხანძრებთან საბრძოლველად უკრაინელი მაშველებიც ჩავიდნენ

12:13, 03.08.2026
საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ლე-გრანდ-კროს ტყეში, მეხანძრე დამწვარ ხეებსა და მცენარეებს ცეცხლასაწინააღმდეგო ქაფს ასხურებს. 2026 წლის 1 აგვისტო

საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ლე-გრანდ-კროს ტყეში, მეხანძრე დამწვარ ხეებსა და მცენარეებს ცეცხლასაწინააღმდეგო ქაფს ასხურებს. 2026 წლის 1 აგვისტო

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებით, 2 აგვისტოს უკრაინელი მაშველების ჯგუფი ჟირონდის (საფრანგეთი) დეპარტამენტში ჩავიდა, სადაც მასშტაბური ტყის ხანძრების გამო შექმნილი რთული სიტუაცია ადგილზე შეაფასეს. ჟირონდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენელის, ორელიენ პეტის თქმით, მასშტაბურ ხანძრებთან ბრძოლის უნიკალური გამოცდილების გათვალისწინებით, უკრაინელი მაშველები საფრანგეთში ყველაზე რთულ ზონაში იმუშავებენ.

 

ეს ინფორმაცია უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

პეტის თქმით, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად ჩება ხანძრის ბორდოს მიმართულებით გავრცელების თავიდან აცილება, რომლის სიახლოვესაც კრიტიკული ინფრასტრუქტურის არაერთი ობიექტია. ხანძარი უკვე ბორდოს აეროპორტიდან და რამდენიმე დასახლებისგან სულ რამდენიმე კილომეტრში მძვინვარებს.

უცხოელ მაშველებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი საერთაშორისო ჯგუფი უკრაინას ჰყავს. მათთან ერთად ხანძრის ჩაქრობაში გერმანიიდან, პორტუგალიიდან, სლოვენიიდან და ჩეხეთიდან ჩასული დაახლოებით 250 მეხანძრეც მონაწილეობს.

ცენტრალურ ესპანეთსა და სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში გაჩენილი უმართავი ტყის ხანძრების გამო, ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, სახლები დაეტოვებინა. ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ ევროკომისიას მიმართა თხოვნით, რომ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმები აემოქმედებინა. 27 ივლისს, ევროკავშირმა საფრანგეთსა და ესპანეთში სტიქიასთან საბრძოლველად თვითმფრინავები, ვერტმფრენები და მეხანძრეთა ჯგუფები გააგზავნა.

31 ივლისს, ხანძრის ჩასაქრობად, 70 მაშველისგან შემდგარი ჯგუფი უკრაინამაც გაგზავნა, რომლებმაც თან 15 ერთეული სპეციალური ტექნიკა წაიღეს. წინა დღით, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან ვიხოვსკიმ ონლაინ შეხვედრა გამართა თავის ფრანგ კოლეგასთან, ლორან ნუნიესთან, რომლის დროსაც მათ უკრაინული გუნდის მუშაობის დეტალები განიხილეს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა X პლატფორმაზე დაწერა, რომ უკრაინამ, პირველად ისტორიაში, იმოქმედა როგორც დახმარების გამწევმა მხარემ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში.

ტყის ხანძრების მხრივ, ყველაზე მძიმე სიტუაცია საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, განსაკუთრებით კი ჟირონდის დეპარტამენტში შეიქმნა. ცეცხლმა დაახლოებით 42 000 ჰექტარი მოიცვა და, სულ მცირე, 250 შენობა-ნაგებობა გაანადგურა. საცხოვრებელი ზონებისთვის შექმნილი საფრთხის გამო, 250 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი სახლები მიეტოვებინა. ხანძართან საბრძოლველად, საფრანგეთმა ათასობით მაშველი, სამხედრო მოსამსახურე და ავიაცია ჩართო.

რა არის ცნობილი ევროპაში გაჩენილი ხანძრებისა და გვალვის შესახებ

ივლისის დასაწყისიდან, მასშტაბურმა ტყის ხანძრებმა სამხრეთ და დასავლეთ ევროპა მოიცვა. ყველაზე მეტად საფრანგეთი და ესპანეთი დაზარალდნენ, სადაც ხანძარი, ხანგრძლივი სიცხის ტალღის, გვალვისა და ძლიერი ქარის გამო, სწრაფად გავრცელდა. საფრთხის ზონებიდან ასეულობით ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ხოლო ცეცხლის ჩასაქრობად ათასობით მაშველი და საერთაშორისო დახმარებაა მობილიზებული.

ევროპის ტყის ხანძრების შესახებ ინფორმაციის სისტემის (EFFIS) მონაცემებით, წლის დასაწყისიდან ივლისის ბოლომდე, საფრანგეთში დაახლოებით 115 000 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა, ხოლო ესპანეთში, 22 ივლისის მდგომარეობით – თითქმის 120 000 ჰექტარი. ამასთან, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დამწვარი მიწის საერთო ფართობი დაახლოებით 6-ჯერ მეტია, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით.

საფრანგეთში გაჩენილი ხანძრები შეფასებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ცეცხლი ბორდოს გარეუბნებს მიადგა, რის გამოც ხელისუფლებამ თითქმის 200 000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ხანძრებმა შეაფერხა სატრანსპორტო მიმოსვლა და ტურისტული ობიექტების ფუნქციონირება. ველორბოლა „ტურ დე ფრანსის“ ბოლო ეტაპის შემოკლებაც კი გახდა საჭირო, რადგან საგანგებო სამსახურები ხანძრის ჩასაქრობად იყვნენ მობილიზებულები.

მეცნიერები ტყის ხანძრების მასშტაბების ზრდას კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. ევროპის ტყის ინსტიტუტისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ხანძრების უფრო ხშირ გაჩენასა და სწრაფ გავრცელებას მაღალი ტემპერატურა და სიცხის უფრო ხშირი ტალღები იწვევს. ამავდროულად, „ალ ჯაზირაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კატასტროფების მასშტაბებზე ასევე გავლენას ახდენს ტყეების გაჩეხვა და გამოთავისუფლებული მიწების ათვისება, საზოგადოების არასაკმარისი რეაგირება და პრევენციული ღონისძიებების ნაკლებობა. შედეგად, სულ უფრო მეტი ქვეყანა აპირებს, გადასინჯოს თავისი პოზიცია ასეთი ხანძრების პრევენციის მიმართ.

სტატიის ავტორი: დანილო ოსტროვერხოვ-ნოვიცკი, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: რომან პეროჩაუ, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 3 აგვისტო, 2026 წელი, 04:44 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი