საფრანგეთში საწვავის გაძვირების გამო გამართულ დემონსტრაციაზე 47 ადამიანი დაშავდა  
საფრანგეთში საწვავის გაძვირების გამო გამართულ დემონსტრაციაზე 47 ადამიანი დაშავდა  

საფრანგეთში საწვავის ფასის მომატებასთან დაკავშირებით გამართულ დემონსტრაციაზე 47 პირი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი რადიოსადგური France Info საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

ამასთან ერთად, დემონსტრაციაზე მომხდარი არეულობის დროს სამართალდამცველებმა აქციის 17 მონაწილე დააკავეს.

ასევე, რამდენიმე საათის წინ, დემონსტრაციაზე ერთი პირი დაიღუპა. ინციდენტი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, იზერის დეპარტამენტში მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა ქალაქის ქუჩები გადაკეტეს. ამავე ქალაქში მცხოვრებ ქალს კი, ავტომობილით შვილი საავადმყოფოში მიჰყავდა. მძღოლმა გადაკეტილ გზაზე მოძრაობა გადაწყვიტა, თუმცა ამ დროს შემთხვევით ერთ აქტივისტს დაეჯახა, რომელიც ადგილზე დაიღუპა.
საფრანგეთში დემონსტრაციები საწვავზე ფასების მომატებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.საფრანგეთში ბენზინი ერთი წლის განმავლობაში 15 პროცენტით გაძვირდა.