საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციის დროს დაშავებულებს შორის ორი ჟურნალისტია
საფრანგეთში საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ აქციის დროს დაშავებულებს შორის ორი ჟურნალისტია

საფრანგეთში დემონსტრაციის დროს დაშავებულებს შორის ორი ჟურნალისტია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც „ფრანს პრესი“ იუწყება, არეულობის დროს თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ფოტოკორესპონდენტს სახეში, კერძოდ თვალში ცრემლსადენი აირის ტყვია მოხვდა. თურქეთისა და საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე ფოტოკორესპონდენტი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. მუსტაფა იალცინი ამჟამად მკურნალობის კურსს გადის. როგორც ექიმები იუწყებიან, მას მხედველობის დაკარგვა ემუქრება.

როგორც მოგვიანებით, თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ ხელმძღვანელმა განაცხადა, ფოტოკორესპონდენტი მუსტაფა იალცინი უამრავი ჯილდოს მფლობელია და ის საფრანგეთში მოღვაწეობს. ამასთან ერთად, „ანადოლუს“ ხელმძღვანელმა საფრანგეთში გამართულ დემონსტრაციაზე ჟურნალისტების დაშავება დაგმო და აღნიშნა, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა სწორედ მაშინ განხორციელდა, როდესაც ის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხალხის ინფორმირებას ცდილობდა. ამასთან ერთად „ანადოლუს“ ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტის უსაფრთხოება და თავისუფლება დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

მოგვიანებით ცნობილია გახდა, რომ დემონსტრაციაზე კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა გასპარ გრანცმა ჭრილობა ფეხის არეში მიიღო. არეულობის დროს ჟურნალისტს აპარატურაც დაუზიანდა. ინციდენტის ადგილიდან რამდენიმე მეტრში კი სამართალდამცველი მოტოციკლით დემონსტრანტს დაეჯახა.

პარიზის პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

პარიზში ემანუელ მაკრონის ინიცირებულ საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია 5 დეკემბერს გაიმართა. ამავე დღეს დაიწყო მასშტაბური გაფიცვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. გაფიცვის გამო შეზღუდულია მოძრაობა საავტომობილო გზებსა და სარკინიგზო მაგისტრალებზე.