საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს
საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს

საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გაიხსნა.

არჩევნები ორ ტურად – 12 და 19 ივნისს გაიმართება და ამომრჩევლები ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატა) 577 დეპუტატს აირჩევენ ხუთი წლის ვადით.

მეორე ტურში მოსახვედრად კანდიდატმა უნდა მიიღოს მის ოლქში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 12,5%. გამარჯვება პირველ ტურშიც არის შესაძლებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კანდიდატს მხარი უნდა დაუჭიროს აბსოლუტურმა უმრავლესობამ ან რეგისტრირებული ამომრჩეველთა მეოთხედმა მაინც.

მედიის ინფორმაციით, პარლამენტში ადგილებისთვის მთავარი ბრძოლა სამ საარჩევნო ბლოკს შორის წარიმართება: პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გარშემო შეკრებილ ცენტრისტულ პარტია „ერთად!“, მემარცხენე, ჟან-ლუკ მელენშონის პარტიასა და მემარჯვენეებს შორის.

ბოლო გამოკითხვებით, არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი ბლოკს „ერთად!“ აქვს, თუმცა არ აქვს გარანტია, რომ 577 ადგილიდან აბსოლუტურ უმრავლესობას აიღებს.

წინა არჩევნებზე, 2017 წელს, მაკრონის ცენტრისტულმა პარტიამ „წინ, რესპუბლიკა!“ აბსოლუტური უმრავლესობა – 308 მანდატი აიღო.