საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ფრანგმა სამართალდამცველებმა ქართველ პოლიციელებთან თანამშრომლობის შედეგად, საფრანგეთში ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საფრანგეთში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს, ქალაქ პლურინ-ლე-მორლეს ჟანდარმერიის სამსახურმა ქართული წარმოშობის  სავარაუდო დამნაშავის ვინაობის დადგენის მიზნით მიმართა.

ფრანგი სამართალდამცველები 2017 წლის ივლისში ქალაქ ლამერში და 2018 წლის იანვარში ქალაქ პლუინოში ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე აღძრულ სისხლის  სამართლის საქმეებს იძიებდნენ. ქურდობის ბრალდებით კი, ერთი პირი იძებნებოდა.

„მიმდინარე წლის 10 აგვისტოს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ბრიეკში, ადგილობრივი  პოლიციის მიერ გადამოწმებულ იქნა სავარაუდოდ აღნიშნული დანაშაულების  ჩამდენი საქართველოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ა.ჯ., რომელიც  გაყალბებული პერსონალური მონაცემებით და ყალბი დოკუმენტაციით  გადაადგილდებოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოხდა აღნიშნული პირის იდენტიფიცირება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობათ ფრანგ  სამართალდამცველებს.

მიმდინარე წლის 11 აგვისტოს ქალაქ ბრესტის პროკურატურამ დაკავებულ ქართველს საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩადენილი ორი ბინის ქურდობის ფაქტებზე ბრალი წარუდგინა და წინასწარი პატიმრობა შეუფარდა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

საფრანგეთის ქალაქებში ჩადენილი რამდენიმე ქურდობის ბრალდებით  დაკავებულ ა.ჯ.-ს საფრანგეთის სასამართლომ ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დატოვე კომენტარი