საფრანგეთში ქართველების კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრს ასამართლებენ, მათ შორის ოთხი ქალია
საფრანგეთში ქართველების კრიმინალური დაჯგუფების 34 წევრს ასამართლებენ, მათ შორის ოთხი ქალია

საფრანგეთში ქართველების კრიმინალურ დაჯგუფის წევრებს ასამართლებენ. როგორც „ფრანს პრესი“ იუწყება ქალაქ ნანსიში სასამართლოს წინაშე 34 ადამიანი წარდგა. მათ შორის ოთხი ქალია.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულთა უმეტესობა ქართველია. მათ ქურდობაში, ფულის გამოძალვასა და კრიმინალური ორგანიზაციის წევრობაში ედებათ ბრალი. სამართალდამცავების ინფორმაციით, დამნაშავეები საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ასევე გერმანიაში, ბელგიაში, შვეიცარიასა და ნიდერლანდებში მოქმედებდნენ და წლების განმავლობაში სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს.

გამოძიებამ კრიმინალური დაჯგუფების გამოააშკარავებაზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო, როდესაც რამდენიმე ბრალდებული სტრასბურგში აიყვანეს. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2013-2015 წლამდე არაერთი დანაშაული ჩაიდინეს. მათ შორის არის  წვრილმანი ქურდობა, ფულის გამოძალვა და სხვა.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, სასამართლოში გამოსვლისას, პოლიციის ოფიცერმა დამნაშავეებს „კანონიერი ქურდები“ უწოდა, რომლებიც მკაცრი შიდა განაწესით მოქმედებენ. დაკავებულებს შორის ქართველების გარდა არიან აზერბაიჯანელები და რუსებიც. მათი ასაკი 25-დან 61 წლამდე მერყეობს.

გამომძიებლის განცხადებით, პოლიცია გამოააშკარავა დაჯგუფებაში მოქმედი იერარქია. მათივე თქმით, „კანონიერი ქურდები“ დაჯგუფებას მართავდნენ და ისინი ჯგუფის სხვა წევრების მიერ მოპარული ნივთებისგან მიღებულ შემოსავალს ანაწილებდნენ.

ფრანგული მედიის ცნობით, ბრალდებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 10 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. სასამართლო პროცესი 15 ივნისამდე გაგრძელდება.