ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ კახაბერ შუშანაშვილს საფრანგეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ კახაბერ შუშანაშვილს საფრანგეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

საფრანგეთში ქართველ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, კახაბერ შუშანაშვილს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. როგორც ფრანგული პრესა წერს, სასამართლომ ის მეტოქე კლანის წარმომადგენლის, ვლადიმირ ჯანაშიას მკვლელობის ორგანიზებაში ცნო დამნაშავედ.

ფრანგული მედიასაშუალებების ცნობით, შუშანაშვილმა ჯანაშიას მკვლელობა 2010 წელს ესპანეთიდან დაუკვეთა. მასზე თავდასხმა ნიცაში, 2010 წლის 14 თებერვალს განხორციელდა, როდესაც სამკაციანმა ჯგუფმა მის ბინაში შეჭრა სცადა. მათ დაჯავშნულ კარს 60-ზე მეტი ტყვია ესროლეს, თუმცა ჯანაშიამ და მასთან ერთად მყოფმა პირებმა ბინიდან გაქცევა აივნიდან შეძლეს. მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ, 18 მარტს ჯანაშია მარსელში მოკლეს. აღნიშნული საქმის ფარგლებში, სამუდამო პატიმრობა ასევე მიესაჯა დავით მაზანაშვილს.

ჯანაშიას მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით, კიდევ სამი ქართველი გასამართლდა. მათგან ერთ-ერთი, ზურაბ ნადირაშვილი მხოლოდ ყალბი საბუთების გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ, მკვლელობასთან კავშირის ბრალდება კი მოუხსნეს და ის სასამართლომ გაათავისუფლა. საქმის კიდევ ორ ფიგურანტს – მიხეილ წულუკიძესა და მინდია კოზანაევს შვიდი და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.