საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 სექტემბერს მასშტაბური გაფიცვები და აქციებია დაგეგმილი - შეფერხდება ტრანსპორტისა და ტურისტული ობიექტების მუშაობა
საფრანგეთში მთელი ქვეყნის მასშტაბით 18 სექტემბერს გაფიცვები და დემონსტრაციებია დაგეგმილი. აქციის მონაწილეები ეწინააღმდეგებიან საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს საბიუჯეტო გეგმას, რომელიც ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს.
როგორც ფრანგული მედია წერს, სავარაუდოდ, ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქცია იქნება.
ხელისუფლების ცნობით, დემონსტრაციებზე დაახლოებით 800 000 ადამიანს ელოდებიან, ხოლო გაფიცვა გავლენას მოახდენს სკოლების, ტურისტული ობიექტებისა და ტრანსპორტის მუშაობაზე.
პროფკავშირები აცხადებენ, რომ საფრანგეთის მასშტაბით უკვე 220-ზე მეტი აქციაა დაგეგმილი, რაოდენობა კი კვლავ იზრდება. დემონსტრაციები გაიმართება პარიზში, ლიონში, მარსელში, ნიცაში, ლილსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში.
„ჩვენ გვინდა მილიონი ადამიანი ჩვენთან ერთად“,- განაცხადა ერთ-ერთი პროფკავშირის ლიდერმა, სირილ შაბანიემ.
როგორც ფრანგული მედია წერს, მოსალოდნელია, რომ თანამშრომლების გაფიცვის გამო მეტროს მუშაობა თითქმის სრულად შეჩერდება. შეჩერდება რეგიონული მატარებლების მიმოსვლაც.
ამასთან, დაწყებითი სკოლის პროფკავშირი ელოდება მასწავლებლების მესამედის გაფიცვას, შესაბამისად, სკოლების ნაწილიც ვერ შეძლებს მუშაობას. როგორც მედია წერს, გაფიცვის შესახებ განცხადებები პარიზის საავადმყოფოებმაც შეიტანეს. ეროვნულ გაფიცვას უერთდებიან სააფთიაქო ქსელების თანამშრომლებიც და ვარაუდობენ, რომ ქვეყნის მასშტაბით 10-დან ცხრა აფთიაქი დახურული იქნება.
ამასთან, ქვეყნის მუზეუმებმა, შესაძლოა, შეზღუდული დროით იმუშაონ ან დაიხურონ. კერძოდ, ტრიუმფალური თაღი ვიზიტორებისთვის უკვე დაიხურა. ლუვრმა გაფრთხილება გაავრცელა, რომ შეფერხებით იმუშავებს და ზოგიერთი გალერეა, შესაძლოა, დაიხუროს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 18 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით უზარმაზარ უსაფრთხოების ძალას განათავსებენ, კერძოდ, 80 000 პოლიციელსა და ჟანდარმს, 24 ჯავშანმანქანას, ათ წყლის ჭავლის მანქანას და სათვალთვალო დრონებს. როგორც მედია წერს, ასეთი მობილიზაცია 2018 წლის შემდეგ არ ყოფილა.